- 5 რიგითი მოქალაქე
- 1 დეტექტივი
- 1 ექიმი
მაფიის თამაშის წესები
იაკუძას ფორმატის სრული წესები — გუნდების შემადგენლობა, როლების მოქმედებები, საუბარი, კანდიდატურები, ხმის მიცემა, გამარჯვების პირობები და ქცევის კოდექსი.
მნიშვნელოვანი განახლება იაკუძას წესებში
- იაკუძა პირველივე ღამეს ისვრის.
- შოგუნი გადაწყვეტილებას იღებს, მაგრამ თავად გასროლის შესაძლებლობა არ აქვს.
- შოგუნი არ მოწმდება.
მოთამაშეების შემადგენლობა
თამაშში მონაწილეობს 12 მოთამაშე: 7 პატიოსანი მოქალაქე, 3 მაფიოზი და 2 იაკუძა.
- 1 დონი
- 2 რიგითი მაფიოზი
- 1 შოგუნი — გუნდის ბოსი
- 1 რიგითი იაკუძა
გუნდები და სპეციალური როლები
🖤 მაფიის გუნდი
- გუნდი შედგება დონისა და 2 რიგითი მაფიოზისგან.
- დონი ხელმძღვანელობს გუნდს და ეძებს დეტექტივს.
- ღამით მაფია ირჩევს მოთამაშეს, რომელიც თამაშს დატოვებს.
🔪 იაკუძას გუნდი
- გუნდს ქმნიან შოგუნი და რიგითი იაკუძა.
- პირველივე ღამეს ისვრის რიგითი იაკუძა.
- შოგუნი მხოლოდ გადაწყვეტილებას იღებს, ბრძანებას კი იაკუძა ასრულებს.
- თუ იაკუძა გავარდება, შოგუნი მკვლელობებს ვეღარ ასრულებს.
- იაკუძა ვალდებულია ყოველ ღამეს გაისროლოს.
🕵🏻♂️ დეტექტივი
- დეტექტივი ეძებს მაფიოზებსა და იაკუძას.
- დეტექტივისთვის იაკუძაც ისეთივე შავი კარტია, როგორც მაფია.
- დეტექტივი შოგუნს ვერ ამოწმებს.
👩🏻⚕️ ექიმი
- ექიმი ყოველ ღამე იღვიძებს და ერთი მოთამაშის გადარჩენას ცდილობს.
- თითოეული მოთამაშის გადარჩენის მცდელობა მხოლოდ ერთხელ შეუძლია.
- საკუთარი თავის გადარჩენის მცდელობაც მხოლოდ ერთხელ შეუძლია.
თამაშის მიმდინარეობა
ნებისმიერ მოთამაშეს შეუძლია ნებისმიერი სხვა როლის დაბრალება. მიზანია ქალაქი საკუთარ „პატიოსნებაში“ დაარწმუნოს და თამაშის ბოლომდე დარჩეს.
როლების გაცნობა
მაფიის გუნდს გასაცნობად 20 წამი ეძლევა, ხოლო თითოეულ სხვა როლს — 10 წამი.
დღის საუბარი
თითოეულ მოთამაშეს რიგითობის მიხედვით ზუსტად 1 წუთი აქვს საკუთარი პოზიციის დასაფიქსირებლად.
კანდიდატურა და დაცვა
მოთამაშეს შეუძლია კანდიდატურის დასახელება. კანდიდატს თავის დასაცავად დამატებით 30 წამი ეძლევა.
დღე და ღამე
დღისით მოთამაშე ხმის მიცემით ტოვებს თამაშს, ღამით კი — გუნდის მკვლელობის შედეგად.
ხმის მიცემა და თანაბარი ხმები
ჩვეულებრივი ხმის მიცემა
- ქალაქი უმრავლესობის პრინციპით ირჩევს, ვინ დატოვებს თამაშს.
- ხმის მიცემისას თავის შეკავების შემთხვევაში ხმა ავტომატურად ბოლო კანდიდატზე გადადის.
თანაბარი ხმების პირველი ეტაპი
- თანაბარი ხმების მქონე კანდიდატებს არგუმენტაციისთვის დამატებით 30-30 წამი ეძლევათ.
- შემდეგ განმეორებითი კენჭისყრა მხოლოდ ყველაზე მეტი თანაბარი ხმის მქონე კანდიდატებს შორის ტარდება.
- თამაშს ხმათა უმრავლესობის მიმღები კანდიდატი ტოვებს.
თუ ხმები მეორედაც თანაბარია
ქალაქს ესმება კითხვა — სურს თუ არა ყველა დარჩენილი კანდიდატის თამაშიდან გაყვანა. დადებითი გადაწყვეტილებისთვის საჭიროა ხმათა 50%-ზე მეტი.
გამარჯვების პირობები
🖤 მაფია
მაფია იგებს, თუ თამაშში მოქალაქეებთან თანაბარი რაოდენობით რჩება: 3×3, 2×2 ან 1×1.
🔪 იაკუძა
იაკუძა იგებს, თუ თამაშში მაფიასთან ან პატიოსნებთან თანაბარი რაოდენობით რჩება: 2×2 ან 1×1.
🤍 პატიოსნები
პატიოსნები იგებენ, თუ თამაშიდან ყველა მაფიოზსა და იაკუძას გაიყვანენ.
მაფიის ქცევის კოდექსი
- დაუშვებელია სხვა მოთამაშეების შეურაცხყოფა.
- დაუშვებელია დაფიცება და ბილწსიტყვაობა.
- დაუშვებელია ღამით ზედმეტი მოძრაობა და ჟესტიკულაცია.
- დაუშვებელია წამყვანის ქმედების თამაშში ჩართვა და არგუმენტად მოყვანა.
- დაუშვებელია წამყვანისთვის ნებისმიერი კითხვით მიმართვა, გარდა ტექნიკური საკითხებისა.
- დაუშვებელია მუქარა და თამაშის შემდეგ დაპირებები.
მიმართვა და კანდიდატურების დასახელება
როგორ მიმართავენ მოთამაშეები ერთმანეთს?
მოთამაშეები ერთმანეთს მხოლოდ ციფრებით მიმართავენ. კანდიდატურის დასახელება უნდა მოხდეს აწმყო დროში და მკაფიოდ.
✓ სწორი ფორმა: „მიიღეთ 1 ნომრის კანდიდატურა.“
✕ არასწორი: „დავასახელებ 1 ნომრის კანდიდატურას.“
✕ არასწორი: „მიიღეთ გიორგის კანდიდატურა.“
როდის ითვლება კანდიდატურა მიღებულად?
წამყვანი ვალდებულია თქვას: „მივიღე 1 ნომრის კანდიდატურა.“ თუ ეს არ თქვა, მიზეზი შეიძლება იყოს:
- აღნიშნული ნომერი უკვე დასახელებულია;
- კანდიდატურა საკმარისად მკაფიოდ არ დასახელდა;
- წამყვანმა ვერ გაიგო და საჭიროა გამეორება.
წამყვანის წესები
- წამყვანი კანდიდატურებს მხოლოდ ბოლო გამომსვლელის წინ აცხადებს.
- მოთამაშეებს შეუძლიათ წამყვანს ფოლების შესახებ ჰკითხონ.
- წამყვანი ყოველ დილით კრიტიკული ფოლების რაოდენობას აცხადებს.
- მაფიას გასაცნობად 20 წამი ეძლევა.
- ყველა სხვა როლს გასაცნობად 10 წამი ეძლევა.
- წამყვანს ამ დროის ნაადრევად დასრულების უფლება არ აქვს, მაშინაც კი, თუ მოთამაშე საკუთარ მოქმედებას არ იყენებს.
ტექნიკური სიტუაციები
თუ დონმა მკვლელობა ვერ დაადასტურა
თუ დონმა მკვლელობა ვერ დაადასტურა, დაიძინა და სიტუაცია წამყვანისთვის ბუნდოვანია, კვდება მაგიდასთან რიგითობით პირველი არამაფიოზი მოთამაშე.
თუ დეტექტივმა არჩევანი ვერ გააკეთა
თუ დეტექტივმა საკუთარ 10 წამში მოთამაშე ვერ გადაამოწმა, იმ ღამით გადამოწმების უფლებას კარგავს და იძინებს.
თუ ექიმმა არჩევანი ვერ გააკეთა
თუ ექიმმა საკუთარ 10 წამში ვერ აირჩია, ვის გადაარჩენს, გადარჩენა ავტომატურად გადადის მაგიდასთან მჯდომ პირველ ნომერზე, რომელიც ექიმს მანამდე არ გადაურჩენია.
თუ დონი თამაშიდან გასულია
თუ დონი თამაშიდან გასულია და დარჩენილი ორი მაფიოზი მკვლელობაზე ვერ თანხმდება, დონად რიგითობით პირველი მაფიოზი ითვლება და კვდება მის მიერ დასახელებული კანდიდატურა.
